ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა. მანქანები რუსული სანომრე ნიშნებით სიმფეროპოლში შენიშნეს. ისინი ცოტა ხნის წინ სევასტოპოლის მიმართულებით დაიძრნენ.
ყირიმის ადგილობრივი მთავრობა კი უარს ამბობს უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე. განცხადება ავტონომიური რესპუბლიკის ეგრეთწოდებულმა პრემიერმა გააკეთა. სერგეი აკსიონოვის განცხადებით, ყირიმი ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ვრცელდება ცნობა იმის შესახებაც, რომ რუსული სპეცრაზმი, ადგილობრივი პრორუსულად განწყობილი ძალების დახმარებით, ევპატორიის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფის ალყაში მოქცევას ცდილობს და უკრაინელ სამხედროებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
რამდენჯერმე სცადეს სამხედრო ხომალდების დაკავება შეიარაღებულმა პირებმა. საგანგებო განცხადებას ავრცელებენ ხომალდების - “ტერნოპოლისა” და “სლავუტიჩის” ეკიპაჟის წევრები. საერთაშორისო მედიას ისინი მოუწოდებენ, აღარ მოიხსენიონ ადამიანები, რომლებიც ყირიმის პორტში უკრაინული ხომალდების ბლოკირებას ახდენენ, შეიარაღებულ პირებად. “ჩვენი ხომალდები შავი ზღვის ფლოტის მიერ არის ბლოკირებული. რუსული გემების ბორტზე საზღვაო ქვეითების დანაყოფები არიან. ისინი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და სათანადო ეკიპირებით არიან აღჭურვილი”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უკრაინულმა ხომალდებმა გაავრცელეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ყირიმის დელეგაცია რუსეთს ეწვევა. ისინი შეხვედრებს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები