უნგრული ავიაკომპანია WIZZAIR ბუდაპეშტის მიმართულებით ახალ რეგულარულ რეისს ამატებს.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბირიფინგზე განაცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, პირველი რეისი ქუთაისის აეროპორტიდან უნგრეთის დედაქალაქის მიმართულებით 30 სექტემბერს განხორციელდება და ის კვირაში ორჯერ შესრულდება. მგზავრობის საფასური 29.99 ევროდან დაიწყება, რაც მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ევროპაში კიდევ უფრო იაფად გაემგზავროს.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის, ქეთევან ალექსიძის, ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტმა 2012 წლის 27 სექტემბრიდან, ანუ გახსნიდან დღემდე 226 850 მგზავრი გადაიყვანა. აქედან WIZZAIR-ზე 190,000 მგზავრი მოდის.
WIZZAIR საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს და ქუთაისის აეროპორტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს კიევის, დონეცკის, ხარკოვის, კატოვიცეს და ვარშავის მიმართულებით. იგეგმება რეისების დამატება ლვოვსა და ვილნიუსშიც.
comersant.ge
მასალის გამოყენების პირობები