საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება. კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები შევლენ.
აღნიშნულმა კომისიამ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაოს. ამასთან, იგი ითანამშორმლებს დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან.
პრემიერ–მინისტრის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.
პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა პირველი ივნისიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები