ევროკავშირმა იმ რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსანების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 21 რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.
"როიტერის" ცნობით, სიაში მოხვდნენ ყირიმის პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსიონოვი, ყირიმის უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი, ყირიმის პირველი ვიცე-პრემიერი რუსტამ ტემირგალიევი, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი კონტრ-ადმირალი დენის ბერეზოვსკი, სევასტოპოლის თვითგამოცხადებული მერი ალექსეი ჩალი, ყირიმის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პეტრ ზიმა, ყირიმის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მრჩეველი იური ჟერებეცი და თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ცეკოვი.
სიაში ასევე მოხვდნენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის ლეონიდ სლუცკი, ალექსანდრ ტოტონოვი, ანდრეი კლიშასი, ვიქტორ ოზეროვი, ვლადიმერ ჯაბაროვი, ნიკოლაი რიჟკოვი, ევგენი ბუშმანი, ოლეგ პანტელეევი, სერგეი მირონოვი, სერგეი ჟელეზნიაკი, ალექსანდრ ვიტკო, ანატოლი სიდოროვი, ალექსანდრ გალკინი.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სავიზო აკრძალვებს და ანგარიშების გაყინვას.
ამასთან, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა რამდენიმე რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნის აქტივების გაყინვის ბრძანებას. აშშ-ის მიერ წარდგენილ სიაში არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, აგრეთვე ვალენტინა მატვიენკო, დიმიტრი რაგოზინი და სხვა რუსი და უკრაინელი ჩინოვნიკები. ამასთან, აშშ-ის სიაში ასევე მოხვდნენ სერგეი აქსიონოვი, ვლადიმერ კონსტანტინოვი და ლეონიდ სლუცკი, რომლებსაც სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი რუსი და უკრაინელი ჩინოვნიკების აქტივების გაყინვას აშშ-ის ტერიტორიაზე. სიაში მოხვედრილ მაღალჩინოსნებს ასევე ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა.
ამასთან, სანქციები დააწესა კანადამაც. კანადის ხელისუფლებამ 10 რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კანადის მიერ შედგენილ სიაში მოხვდნენ 7 რუსი მაღალჩინოსანი – სერგეი გლაზევი, ანდრეი კლიშასი, ვალენტინა მატვიენკო, ელენა მიზულინა, დიმიტრი რაგოზინი, ლეონიდ სლუცკი და ვლადისლავ სურკოვი. ამასთან, შვიდივე მათგანი დასახელებული აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კანადის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა სამ უკრაინელ მაღალჩინოსანს – სერგეი აქსიონოვს, ვლადიმერ კონსტანტინოვსა და ვიქტორ მედვედჩუკს.
სერგეი აქსიონოვი და ვლადიმერ კონსტანტინოვი ასევე მოხვდნენ აშშ-სა და ევროკავშირის საქნციების სიაშიც.
ipn
მასალის გამოყენების პირობები