ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ზოდელავას დაკითხვა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით იგეგმება.
ზოდელავა მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი". ფოტომასალაზე ასახულია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრები.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა აღმოჩენილ იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკევებით.
მასალის გამოყენების პირობები