საქართველოს მთავრობის მომართვის შემთხვევაში, ამერიკული მხარე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დახმარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
რიჩარდ ნორლანდს კითხვა დასუვეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალების ავთენტურობაზე.
"როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში ჩვენ უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო სტრუქტურებმა უზრუნველყონ მართლმსაჯულების მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობა", - განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება კითხვას, ჩაერთვებიან თუ არა ამერიკელი ექსპერტები საქმის გამოძიებაში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ეს მოხდა, საქართველოს მთავრობამ მიმართა ამერიკის მთავრობას დახმარების თხოვნით.
"თუ მოგვმართავენ ასეთი თხოვნით, ამას ნამდვილად განვიხილავთ", - დასძინა რიჩარდ ნორლანდმა.
სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ასახულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრები.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.
ფოტომასალა youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.
მასალის გამოყენების პირობები