საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ "უდიდეს საერო და საეკლესიო დღესასწაულს - ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ენის, ტრადიციების დაცვასა და შენარჩუნებაში. ამიტომ ქართველთა კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი გამოხატულება სწორედ ავტოკეფალიის დაბრუნების ძალისხმევა იყო. ამ მიზნის მისაღწევად დაუღალავად იღვწოდნენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები - დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი და მრავალი სხვა.
სასურველი შედეგი 1917 წლის მარტში, საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ მივიღეთ. კიდევ ერთმა საუკუნემ განვლო და მხოლოდ ახლახან, 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის უდიდესი ძალისხმევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად საერთაშორისოდ აღიარებული გახდა.
25 მარტი ყოველთვის იქნება ქართველი ერის სულიერებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთობისა და გამარჯვების სიმბოლო", _ ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები