საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების კრიტერიუმები შეიცვალა. გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულება შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შესახებ "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, ხოლო 2004 წლის ბრძანებულება "შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" ძალადაკარგულად გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის წარდგენის მიზნით შექმნილი შეწყალების კომისია უფლებამოსილია, განიხილოს იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. ასევე, - სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, თუმცა ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად. ძველი წესის მიხედვით, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირის შეწყალების განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს შესაძლებელი, თუ პირს 25 წელი ჰქონდოდა მოხდილი, ახალი წესით კი, ეს ვადა 15 წლამდე შემცირდა.
კომისია ასევე უფლებამოსილია, სასჯელმოხდილი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის საკითხიც განიხილოს.
ამასთან, ახალი წესის მიხედვით, იმ პირებს, ვის მიმართაც წინათ გამოყენებულ იყო ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, შეწყალება შეეხებათ, თუ მოხდილი აქვთ სასჯელის ვადის ორი მესამედი. წინა წესის თანახმად, ასეთი შემთხვევები შეწყალებას არ ექვემდებარებოდა.
შეწყალება კვლავ არ იქნება გამოყენებული იმ პატიმართა მიმართ, რომლებიც ბრალდებული არიან ან ორი ან მეტი დანაშაულისთვის, ასევე მძიმე ან განსაკუთრბით მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი აქვთ 5 წელზე მეტი ხნით პატიმრობა და სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვთ. ასევე, არ იქნებიან შეწყალებული ის პირები, რომლებიც წინათ მსჯავრდებული იყვნენ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული და არ აქვთ მოხდილი საპატიმრო ვადის ნახევარი.
გარდა ამისა, შეწყალებული ვერ იქნება პატიმარი, რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან უარყოფითად ხასიათდება, რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან, თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და, რომელიც არ ითხოვს შეწყალებას. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული წესი, პატიმრისგან შეწყალების თხოვნის გარდა, დანაშაულის აღიარებასა და მის მონანიებასაც ითხოვდა.
განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში ან, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, შეიძლება განხილულ იქნებას იმ პატიმართა შეწყალების საკითხიც, რომლებიც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
ამასთან, გამეორებით შეწყალების თხოვნის მიმართვაზე ვადები 6-დან 4 თვენახევრამდე შემცირდა.
კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი. განკარგულებაში შესაძლებელია ასევე მითითებულ იქნეს შეწყალებული პირის სხვა მონაცემები. პრეზიდენტის განკარგულებაში შეუძლია მიუთითოს ან არ მიუთითოს შეწყალების მოტივი.
მასალის გამოყენების პირობები