ევროკავშირმა მოლდოვას მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ EuroActiv ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის წინადადებას მოლდოველებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე, დღეს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა.
ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 28 აპრილიდან შევა.
"ამ თვის ბოლოდან მოლდოვას მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებს ფლობენ, შენგენის ზონაში მცირე ხნით გამგზავრებისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ. ეს უდიდესი მიღწევა და ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისია", - განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა.
ამასთან, ევროკავშირმა და მოლდოვამ სავიზო დიალოგი 2010 წლის ივნისში დაიწყეს.
სესილია მალმსტრომის განცხადებით, მოლდოველებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შენგენის ზონაში იმის დემონსტრირებაა, რომ მოლდოვას ხელისუფლების ძალისხმევა დაფასდა.
"ევროკავშირი ჩვენთან თანამშრომლობის მსურველ მესამე ქვეყნებთან შედეგების მიღწევის ერთგული რჩება. შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაამყარებს ადამიანთა შორის კონტაქტებს, ასევე ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ კავშირებს ევროკავშირსა და მოლდოვას შორის", - აღნიშნა ევროკომისარმა.
მასალის გამოყენების პირობები