"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსპარანტები - "ძირს კალაძის მაფია", "თვითდასაქმებულ მძღოლებს ბოლო ლუკმას გვართმევენ", "ნუ დაგვტოვებთ ბანკების პირისპირ".
აქციის მონაწილეები ხელისუფლებაში მყოფ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრას, თუმცა ოფისიდან მათთან შესახვედრად ჯერ არავინ გამოსულა.
როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, არჩევნების დროს სწორედ ეს მძღოლები იყვნენ ის ხალხი, ვისაც მათ მიტინგებზე მოქალაქეები დაჰყავდათ.
"ქართული ოცნების" შენობასთან ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული. პოლიციელებს შენობის შესასვლელის წინ კორდონი აქვთ გაკეთებული.
თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აქციებს უკვე რამდენე დღეა, მართავენ. ისინი მგზავრთა გადაყვანაზე გამართული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ მუშაობის საშუალება აღარ ეძლევათ.
ტენდერში კომპანია "ინტერტრასმა" გაიმარჯვა, რომლის უკანაც, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დგას.
მასალის გამოყენების პირობები