რუსული „იზვესტიას“ ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმის სხვადასხვა ფრაქციის წევრებმა რუსეთის გენერალური პროკურორის იურის ჩაიკას სახელზე მოამზადეს მიმართვა, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის საპროკურორო მოკვლევას მოითხოვენ.
რუსი პარლამენტარები იმედოვნებენ, რომ მოკვლევის შედეგად გორბაჩოვისა და სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრება.
რუსი დეპუტატები თავის მიმართვაში აღნიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე სსრკ-ს შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი, ხოლო საბჭოთა ხელისუფლებამ უკანონო ქმედებები ჩაიდინა, რამაც ქვეყანა დაშლამდე მიიყვანა.
დეპუტატების განცხადებით, 1991 წლის 4 ნოემბერს სსრკ-ს გენპროკურატურის სახელმწიფო უშიშროების კანონების ზედამხედველობის სამმართველომ საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა, „გორბაჩოვის ზეწოლის შედეგად გენპროკურატურამ დადგენილება მეორე დღესვე შეაჩერა“.
გორბაჩოვს ბრალს სდებენ სსრკ-ს სახელმწიფო საბჭოს შექმნაში. დეპუტატების განცხადებით, ეს ორგანო არ იყო კონსტიტუციური და მიუხედავად ამისა სწორედ სახელმწიფო საბჭო მართავდა ქვეყანას. სწორედ სახელმწიფო საბჭომ მიიღო დადგენილება ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
დეპუტატებმა გენპროკურატურას შეახსენეს, რომ გორბაჩოვი დღეისათვის იმუნიტეტით არ სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბჭოთა კავშირის დაშლისა და "დსთ"-ს შექმნის შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნულ შეთანხმებას კიდევ 8 რესპუბლიკა შეუერთდა, ხოლო 25 დეკებერს მიხეილ გორბაჩოვმა, პრეზიდენტობის უფლებამოსილება მოხსნა.
http://izvestia.ru/news/568959
მასალის გამოყენების პირობები