14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 36 წლის წინათ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ–ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილება საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შედიოდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ის საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. თუმცა იმავე დღეს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი ამ განზრახვის აღსრულებას წინ აღუდგა. მათ უდიდეს ნაწილს სტუდენტი ახალგაზრდობა შეადგენდა.
დედაქალაქში მოეწყო მასობრივი მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის თბილისის სასახლის) შენობისაკენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ლოზუნგები, მათ შორის იყო „აი, ია“. ანალოგიური პროცესები ბათუმშიც განვითარდა. იქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინათ, საიდანაც ასევე ამოღებული იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.
ხელისუფლებისათვის ვითარება უმართავი ხდებოდა. შექმნილი ვითარებიდან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისათვის ორი გზა რჩებოდა: სისხლისღვრა ან დათმობა. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო. განვითარებული მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილი გახდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა ხოლმე. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი იაკობ გოგებაშვილის პირადი ბიბლიოთეკა გამოიფინება, რომელიც ამავე ბიბლიოთეკაშია დაცული.
მასალის გამოყენების პირობები