გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საბურავების დაწვაზე კონტროლს ამკაცრებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში,ტრადიციულად ე.წ. "ჭიაკოკონობა" იმართება, ხოლო კოცონის დასანთებად იყენებენ ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს.
"ეს კი, ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა და ქვეყნის მთავარმა ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ ბრიფინგი გამართეს.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. გარდა იმისა, რომ იქმნება ხანძარსაშიში ვითარება, რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აფრთხილებს და მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 600 ლარამდე.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ გაატარებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს", -აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები