ფოთისა და ხობის ეპარქიამ 7 სექტემბერს მრევლისადმი ეპარქიის სამღვდელოების კრების მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია , რომ ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს არის შეუფასებლად დიდი მონაპოვარი თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის, რადგან წინ იშლება დიდი პერსპექტივები ეროვნული სახელმწიფოს პოლიტიკურ - ეკონომიკური და კულტურული განვითარების გზაზე. ამავდროულად კი ეს მონაპოვარი არის სერიოზული გამოცდაც.
"დღეს საქართველოს არჩეული აქვს დემოკრატიული განვითარების გზა, რაც ხელისუფლების არჩევითობის პრინციპს ეფუძნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ის მოვლენაა, როცა თითოეულ მოქალაქეს ეძლევა საშუალება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის მართვაში. ამ პროცესში მონაწილეობა გულისხმობს ასევე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანის არჩევანს მოჰყვება. იმიტომაც არის წინასაარჩევნო პერიოდი, რომ ადამიანმა ემოციების გარეშე, დინჯად, ფხიზელი თვალით შეაფასოს არსებული სინამდვილე, შეაფასოს ასევე პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებები (თუ რამდენად რეალისტური და განხორციელებადია) და მხოლოდ სერიოზული დაფიქრებისა და ლოცვის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ადამიანურ ვნებებსა და ემოციებს უნდა დავუპირისპიროთ სახელმწიფოებრივი აზროვნება და სინდისის ხმა, რაც გახდება ქართული სახელმწიფოს წარმატების საწინდარი", _ აღნიშნულია მიმართვაში.
ამასთან, ეპარქია მრევლს შეახსენებს, რომ ყოველგვარ გაჭირვებასა და განსაცდელზე მაღლა დგას ფასეულობები: `მამული, ენა, სარწმუნოება~. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II კი თავის სამწყსოს მოუწოდებს, გვახსოვდეს: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრების მიმართვაში ასევე საუბარია არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით მედიის განსაკუთრებულ როლზე. ეპარქიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე მედიას მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.
"სამწუხაროდ, არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ზოგიერთი მედიასაშუალების წინდაუხედავი ქმედება, როცა ადგილი აქვს მცდელობას, პოლიტიკურ ინტრიგებში ჩაითრიონ სასულიერო პირები, რასაც, ერთის მხრივ, შეცდომაში შეჰყავს ამომრჩეველი და აბნევს მას, მეორეს მხრივ კი განყოფასა და დაპირისპირებას თესავს ეკლესიის მრევლში, რომელთა შორისაც არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები. ასეთი რამ დიდ ზიანს აყენებს თვით საარჩევნო გარემოს, მთელს საზოგადოებას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. რომელი მედიასაშუალებებიც მიზანდასახულად აკეთებენ ამას, არავითარ ნდობას არ იმსახურებენ. მთავარია არა ის, თუ რას ამბობ, არამედ ის, თუ რა მიზანს ემსახურება შენი ნათქვამი. წინაპართ სიბრძნე გვამცნობს, რომ `კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს~, _ აღნიშნულია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები