ქრისტე აღდგა! აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
რადიო"ათინათი" გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან:
აღსრულდა!
აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!
,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"
49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.
შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური
მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.
აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.
- განა თუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?
- ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.
ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.
- მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?
- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. . .. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.
- და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?
- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.
ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.,,მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20)!
მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?
მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც
სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, . . . როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.
მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II
აღდგომა ქრისტესი 2014,
20 აპრილი.
მასალის გამოყენების პირობები