მესტიის მუნიციპალიტეტში ნაგვის გადამზიდი სადგური აშენდება. ნაგავსაყრელი სადგურის პროექტირებისთვის მესტიის გამგეობას საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 ათასი ლარი გამოეყო.
მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ნაგავსაყრელი სადგურის და სპეციალური ტექნიკის შესაძენად 500 ათასი ლარია საჭირო, რომელსაც, მისივე თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან პერიოდულად მიიღებენ.
ჟორჟოლიანის განმარტებით, ნაგავსაყრელ სადგურზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები დროებით შეინახება და შემდეგ ზუგდიდის ნაგავსაყრელზე გადაიზიდება.
„ნაგავსაყრელი სადგურის მშენებლობის შემდეგ უნდა შეგვიძინონ ნაგვის შემგროვებელი და გადამზიდი სატრანსპორტო საშუალება.მესტიაში დროებითი ნაგავსაყრელის მშენებლობა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყება და წლის ბოლოსთვის დასრულდება". - ამბობს კაპიტონ ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის: მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი დღემდე არ არსებობდა. საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები, უმეტეს შემთხვევაში, მდინარეებში იყრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები