საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს ქართული მხატვრული ფილმის - "ჯარისკაცის მამა" გადაღებიდან 50 წლის იუბილე აღინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუზეუმის "უკვდავთა თაღში" გაიხსნება დიდი კინორეჟისორის, სახალხო არტისტისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდი, მისივე ავტოგრაფით.
რეზო ჩხეიძის ფილმმა "ჯარისკაცის მამა" კინოეკრანზე გამოსვლისთანავე (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და პრემია კორკში (ირლანდია), X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო; 1965 წელს დაიმსახურა დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის კინოფესტივალებზე; რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა პრიზი - "კაპიტოლიუმის იუპიტერი" მიიღო.
ხელოვნების სასახლეში ანაბეჭდების გახსნის ტრადიციას ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნულ თაღში ყველა იმ პიროვნების ხელის ანაბეჭდი იქნება წარმოდგენილი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის განვითარებაში. ამ ეტაპზე უკვე გახსნილია კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას, მსახიობების - ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძისა და მომღერალ პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდები.
მასალის გამოყენების პირობები