პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. პირველი ასეთი დღესასწაული მიმდინარე წლის 17 მაისს აღინიშნება, - ამის შესახებ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აცნობა.
ილია მეორე სამღვდელოებას აძლევს ლოცვა-კურთხევას, 17 მაისს, 12:00 საათზე ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები. ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევას პატრიარქი საერო პირებსაც აძლევს.
ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ოჯახის სიმტკიცეზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე იქადაგა და ბრძანა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ოჯახში იზრდება ადამიანი.
"ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს - მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები