ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაახლოებით 200%-ით გაძვირდა კარტოფილი და ამის მიზეზი ჭარბი ექსპორტი, შედარებით მცირე მოსავალი და იმპორტის კუთხით შექმნილი პრობლემებია.
დაახლოებით 40%-ით გაძვირდა ლობიო, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების.
100-150%-ით გაძვირდა ყვავილოვანი კომბოსტოც. თუ ერთი თვის წინ 1 კილოგრამი კომბოსტო 70-80 თეთრი ღირდა, დღეს მისი შეძენა 1,50-1,80 ლარზე ნაკლებად შეუძლებელია.
მკვეთრად მოიმატა ფასმა რძის პროდუქტებზეც. კერძოდ, 1ლიტრი რძე ბაზარში უკვე 2,5 ლარი ღირს, რამდენიმე თვის წინ კიის მხოლოდ 2 ლარი ღირდა. ერთი კილოგრამი ყველი კი 7-7.5 ლარი ღირს. წესით ამ პერიოდში, ყველი გაცილებით იაფი უნდა ღირდეს. მოიმატა ფასმა ქარხნული წარმოების რძის პროდუქტზეც.
10-15 თეთრით გაძვირდა რაფინირებული რძე, მოიმატა ფასმა მაწონზე, ასევე ხაჭოსა თუ იოგურტზე. სავაჭრო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, გაძვირების მიუხედავად, რძის ნაწარმის რეალიზაცია, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.
პროდუქტების გარდა, გაძვირდა ჰიგიენური საშუალებებიც. ამ შემთხვევაში ფასთა ცვლილებამ, საშუალოდ, 0,5-1 ლარი შეადგინა. მაგალითად, სარეცხი ფხვნილი.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის, უფრო კონკრეტულად კი გლეხის მიერ წარმოებულ პროდუქტებზე ფასების ზრდას, ექსპერტი ამას ზოგადად გაძვირების თანამდევ პროცესს უწოდებს.
სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოს შიდა ბაზრის ფასი ძალიან დაუახლოვდა მსოფლიო ბაზრის ფასს.
„თითქმის გაორმაგებაა. 2003 წელს ადგილობყრივი ფასები მსოფლიო ბაზრის ფასებთან შესაბამისობაში 31% იყო, 2013 წლის ბოლოს მდგომარეობით კი - 60%-ია. ჩვენ უფრო მაღალი დონე გვაქვს მსოფლიო ფასებთან, ვიდრე ეკონომიკის მოთხოვნა და საშუალებაა. თუ გვინდა წარმოების გაფართოება და იმპორტის ჩანაცვლება სამამულო პროდუქციით, სტიმულირება უნდა განხორციელდეს. ლარის დევალვაცია კი ამ მხრივ ერთ-ერთი გზაა“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.
commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები