მახათას მთაზე, ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დღეს პირველი წირვა აღევლინა. წირვა 9.00 საათზე დაიწყო და ის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ აღავლინა. აღსანიშნავია, რომ ლოცვა, ქართული ენის პარალელურად, ისმოდა ინგლისურ ენაზეც, რადგან საქართველოს ამერიკელი სასულიერო პირები სტუმრობენ, რომლებიც ამერიკიდან ღვთისმშობლის მირონმდინარე სასწაულმოქმედ ხატს ჩამოყვნენ. აღნიშნული ხატი მახათას მთაზე მდებარე ტაძარში დღეს, დილის 08:00 საათზე მიაბრძანეს და მასთან მიახლოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მორწმუნეებმა მახათას მთაზე შეკრება 08.00 საათიდან დაიწყეს. ამ დროისთვის მრევლით სავსეა როგორც ტაძარი, ისე ტაძრის ეზოს ნაწილი, სადაც სპეციალურად მათ განსათავსებლად სამართლამდაცველებს ტერიტორია ბარიკადებით აქვთ შემოსაზღვრული.
ტაძარში ამ დროისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.
ტაძარში მივიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პატრიარქი ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები