გამოცდები ერთდროულად 1500-მდე სკოლაში ტარდება. გამოცდების დაწყებამდე მოსწავლეებს სკოლებში სპეციალური ბარათები დაურიგდათ, სადაც მითითებულია სრული განრიგი. საგამოცდო ოთახები აღჭურვილია ვიდეო-კამერებითა და ხმის ჩამწერი აპარატურით. დამამთავრებელი კლასის 38 000-მდე მოსწავლე პირველ დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღებს მონაწილეობას.
გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემის მაქსიმალური დაცულობისთვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს ზღუდავს. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ოქტომბერში ჩააბარეს. მოსწავლეებს, რომლებმაც შემოდგომაზე ზღვარი ვერ გადალახეს (ან ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე), შესაძლებლობა აქვთ ეს გამოცდები დანარჩენ ოთხ საგანთან ერთად ჩააბარონ.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები 25 მაისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები