თურქეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებით _ "ქართული ზეიმით" აღნიშნავენ. თურქეთში მცხოვრები ქართველები უკვე მეორედ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც "ქართული ზეიმი" ჰქვია. "ქართული ზეიმის" ტრადიციად ჩამოყალიბების ინიციატორი "მარმარილოს რეგიონების ქართველთა საზოგადოებაა".
საზეიმო ღონისძიება 11:00 საათიდან 19:00 საათამდე საქარიას რაიონში, ორმანში იმართება.
"ქართული ზეიმი" ღია ცის ქვეშ გაიმართება. შეკრების პარალელურად მოეწყობა თურქეთში არსებულ ქართულ ანსამბლთა კონცერტი. კერძოდ, მონაწილეობს ორი ანსამბლი "სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლიდან" ქართული და კავკასიური ფოლკლორული ანსამბლი "კაფდაღი" და ქართული ცეკვის ანსამბლი, ასევე მოცეკვავეთა ჯგუფი ინეგოლიდან, ლაზური სიმღერების შემსრულებლები საქართველოდან - ჯგუფი "შურიმშინე".
ღონისძიებას საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე მეუღლესთან ერთად დაესწრება.
ორგანიზატორთა განმარტებით, "ქართულ ზეიმში" ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან კაკი კენჭოშვილი და სხვები. ასევე, თურქეთის ქართული სათვისტომოებისა და კულტურის დაწესებულებების წევრები, ქართველები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან.
მასალის გამოყენების პირობები