საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში, კერძოდ მე-6 კლასის და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე შეწყდა.
როგორც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება რეკომენდაციას უწევს განათლების სამინისტროს, რომ არსებული შეზღუდვები 6 კლასის ჩათვლით გაგრძელდეს კიდევ 4 სასწავლო დღე. მისივე თქმით, იგივე შეზღუდვები ეხება საბავშვო ბაღებსაც.
"ვირუსული მენინგიტის შემთხვევები თბილისში კლებისკენ წავიდა. რაიონებში ამას გარკვეული ინტერვალი ექნება. ვვარაუდობთ, რომ ერთი კვირის შემდეგ მიყვება რაიონებში შემთხვევებიც კლებაც. პოზიტიური დინამიკა გამოკვეთილია. ჩვენ საბოლოო მონაცემები გვექნება 18:00 საათზე და ამის პროფესიულ შეფასებას გავაკეთებთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, რადგან დინამიკა პოზიტიურია თბილისში, მაგრამ ჯერ არ არის რაიონებში, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ განათლების სამინისტროს, რომ იგივე შეზღუდვები მე-6 კლასის ჩათვლით კვლავ გაგრძელდეს კიდევ 4 სასწავლო დღე, ანუ მიმდინარე კვირის ბოლომდე. იგივე ეხება საბავშვო ბაღებსაც", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირაში სასწავლო პროცესის შეწყვეტა საჭირო აღარ იქნება.
ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროდან ერთად 21 მაისს სკოლების საწყის ეტაპზე და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის 3 დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები