თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გაამართლა. მოსამართლემ გამართლებელი განაჩენის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კეზერაშვილს ბრალად სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა, რასაც ბრალდებული არ აღიარებს.
ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს.
საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილზე საქართველოში აღძრულ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი, კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი - ტელეკომპანია "იმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები