F1-ის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა გრენობლის საავადმყოფო დატოვა, ამ დროისთვის ის კომიდან გამოვიდა.
მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, 45 წლის გერმანელ ავტომრბოლელს რეაბილიტაციისთვის სხვა კლინიკაში გადაიყვანენ.
შუმის მენეჯერმა საბინე კემმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ 45 წლის მიხაელი ცოტა ხნის წინ გრენობლის კლინიკიდან სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულა 1-ის ცოცხალი ლეგენდა კომაში აღარ არის! საბინე კემს ბოლო ოფიციალური განცხადება აპრილის დასაწყისში ჰქონდა გაკეთებული და მაშინ თქვა, რომ მიხაელმა სიცოცხლის ნიშნები გამოავლინა. ჩვენი გერმანელი კოლეგებიც ინფორმაციით, ბოლო კვირებში ასეთი ნიშნები ძალიან მომრავლდა, შუმახერს ბოლო დღეებში ხმები ესმოდა და შეხებაზეც რეაგირებდა.
რაც ყველაზე მთავარია: ”ბილდის” ინფორმაციით შუმახერს ასეთ ფაზებში თვალებიც გახელილი აქვს!
ასე რომ, შუმახერი კონტაქტს ამყარებს მეუღლე კორინასთან (45) და შვილებთან. მიხაელის მდგომარეობა უკვე იმდენად სტაბილურია, რომ გრენობლის კლინიკის ექიმების დახმარება აღარ სჭირდება და სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს, მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ თვეების განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები