C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით 1 ივლისიდან შეუძლიათ. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამკურნალო მედიკამენტების მოწოდება უკვე განხორციელდა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, C ჰეპატიტით დაავადებულ ბენეფიციართა რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში 2014 წლის 1 თებერვლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, კომისიური წესით განხილულია და დადებითი დასკვნა გაცემულია 1295 ბენეფიციარზე.
სააგენტოს სულ 1500-მდე პირმა მიმართა, საიდანაც 33 პირს უარი ეთქვა, 1295-ზე დადებითი დასკვნა გაიცა, დანარჩენებს კი, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალათ.
"დადებითი დასკვნის მქონე ბენეფიციარებმა 25 ივნისიდან უნდა უზრუნველყონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ან სამინისტროში რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენა. რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს თანხმობის წერილის გაცემას სამი სამუშაო დღის ვადაში. პაციენტებმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართონ შესაბამის აფთიაქს მედიკამენტის მისაღებად. პაციენტზე დასაშვებია ერთდროულად არაუმეტეს 1 თვის სამყოფი რაოდენობის მედიკამენტის გაცემა. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განაცხადების მიღება და კომისიური განხილვები", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, პაციენტებს მედიკამენტების მიღება-შეძენა შეეძლებათ პსპ-ს აფთიაქებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში – იოსებიძის ქ. #60, ქუთაისში – ბროსეს ქ. #5 და ბათუმში გოგებაშვილის ქ. #32.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, შეღავათიანი ფასი ვრცელდება საჯარო სექტორში 10 000 პაციენტზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ პეგილირებული ინტერფერონი 180 მკგ/1 მლ ფლაკონი ფიქსირებულ ფასად, ეროვნულ ვალუტაში არაუმეტეს 92.88 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირებულებით.
ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მედიკამენტის ფასის შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ასევე ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე და ცხელ ხაზზე 15 05.
მასალის გამოყენების პირობები