შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ დღევანდელ საპროტესტო აქციას ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ აბიტურიენტს შეხვდეს და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
ცენტრი განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა აბიტურიენტთა დეზინოფირმირებას, თითქოს ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში ცვლილებები რამდენიმე დღით ადრე შევიდა.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში არცერთი დავალების ტიპი შეცვლილი არ არის. წინა წლების იდენტურია ამ დავალებათა შეფასების კრიტერიუმებიც (2013 წლის საგამოცდო ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების დასრულებისთანავე გამოაქვეყნა ვებგვერდზე), არ შეცვლილა არც ტექსტის რედაქტირების ინსტრუქცია, მხოლოდ არ არის მითითებული შეცდომების რაოდენობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრებმა სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
2013 წლის გამოცდების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ტექსტის რედაქტირების ინსტრუქციაში შეცდომების რაოდენობის მითითებამ აბიტურიენტებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ხშირად აბიტურიენტები იმგვარ ფორმებს ცვლიდნენ, რომლებშიც შეცდომა არ იყო დაშვებული. ითვლიდნენ „გასწორებული“ შეცდომების რაოდენობას და ტექსტში რეალურად არსებული შეცდომები ყურადღების მიღმა რჩებოდათ, რის გამოც კარგავდნენ ქულებს.
დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს შედეგებზე! როგორც ჩანს, აბიტურიენტთა ერთი ნაწილი 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ფლობს. მათი მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება სხვა აბიტურიენტების შეცდომაში შეყვანას იწვევს",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცნობისათვის, დღეს, აბიტურიენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ გამართავენ აქციას სახელწოდებით
„ჩამოყალიბდით“. აბიტურიენტები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა და გამოცდებამდე სამი დღით ადრე არ უნდა იგებდნენ მსგავსი ცვლილების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები