არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2014 წლის 29 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების მონიტორინგს 9 საარჩევნო ოლქში ახორციელებს.
ორგანიზაცია მონიტორინგს 14 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 9 ოლქის დამკვირვებლისა და 4 მობილური ჯგუფის მეშვეობით აწარმოებს.
"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა პარტიებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის "სამართლიანი არჩევენების" დამკვირვებლების მიერ ქობულეთის #34 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 1 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ საარჩევნო უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული წარმომადგენელი იმყოფებოდა. საუბნო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის შედეგადაც არაუფლებამოსილმა პირმა საარჩევნო უბანი დატოვა.
"სამართლიანი არჩევნები" პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდნენ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებ-პორტალის -
www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ორგანიზაციას საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო სმს-ით ნომერზე 90039 ინფორმაცია მიაწოდოს.
მასალის გამოყენების პირობები