ადგილობრივ თვითმმართველობებში დაგეგმილი ატესტაცია, თბილისის ჩათვლით, დაახლოებით 15 ათას საჯარო მოხელეს შეეხება. კონკურსებისა და ატესტაციის ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპი – ტესტირება, ადგილობრივ ორგანოებს გარეთ იქნება გატანილი.
ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა.
"ატესტაცია შეეხება ყველას. ტესტირება მთავრობის მიერ განსაზღვრულ დაწესებულებებში ჩატარდება. ვფიქრობთ, რომ აქ ჩართული იქნება ოთხი ორგანიზაცია: ეროვნული გამოცდების ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს და შსს-ს სასწავლო აკადემია. ტესტირების ეტაპი გარეთ უნდა იყოს გატანილი", - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
პარლამენტს განსახილველად "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა ერთი წლის განმავლობაში – 2015 წლის 1-ელ ივლისამდე ატესტაცია უნდა გაიარონ. ატესტაციის და მასთან ერთად კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი ტესტირება იქნება.
ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" გათვალისწინებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, რადგან თითოეულ მუნიციპალიტეტში საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არანაკლებ 30 ერთეულით განისაზღვრა, რასაც 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეული დაემატება.
მასალის გამოყენების პირობები