ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც იგი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც მისივე განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების ხელშეკრულების ვალდბულებებს ახსენებს და მმართველ ძალას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელობა, გამჭირვალეობა და პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება.
„ყურადღებით ვადევნებდით თვალს გიგი უგულავას დაკავებას თბილისის აეროპორტში 3 ივლისს. აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს, იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო“, - ნათქვამია ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი უგულავას ბრალდება წარდგენილი აქვს შემდეგ ეპიზოდებში: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 05 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. ასევე გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები