დღეიდან ქართულ ეროვნულ ვალუტას, ლარს თავისი სიმბოლო აქვს. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა , სიმბოლოს ავტორია მხატვარი მალხაზ შველიძე.
ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და განათლების სამინისტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ლარის სიმბოლო ეფუძნება "ლას"-ის გრაფიკულ მოხაზულობას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართული ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში და შესაბამისად დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.
მასალის გამოყენების პირობები