მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დღეს გაიმართება. ერთმანეთს გერმანია და არგენტინა დაუპირისპირდებიან. გერმანიამ ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილია 7:1 დაამარცხა, არგენტინამ კი პენალტებით - ჰოლანდია. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, რიო დე ჟანეიროში, "მარაკანაზე" გაიმართება. "მარაკანა" 79 000 ადამიანს იტევს. ჩემპიონატის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ სატელევიზიო ეთერით ფინალს მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებს.
თუ ფინალს გერმანია მოიგებს, ის პირველი ევროპული გუნდი იქნება, რომელიც ამერიკის კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გერმანიამ ბოლოს 1990 წელს იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა, არგენტინამ კი - 1986 წელს.
გერმანია დღეს მერვე ფინალს ითამაშებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, მათ მხოლოდ სამჯერ შეძლეს გამარჯვება. არგენტინას კი მსოფლიო ჩემპიონობა ორჯერ აქვს მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გოლი გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ მატჩში ორი გოლი გავა, 1998 წლის რეკორდი (171 გოლი) გაუმჯობესდება.
გუშინ კი, მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. ვან პერსის, ბლინდისა და ვიინალდუმის გოლებით ჰოლანდიამ ბრაზილია 3:0 დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები