საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს დღეს დაკრძალავენ. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაასაფლავებენ. სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სამების ტაძარში დღეს, 13:00 საათიდან დაიწყება. ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ექსპრეზიდენტს სამების ტაძრიდან 14:45 საათზე გამოასვენებენ. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრება. დაკრძალვის ცერემონია 16:00 საათზე გაიმართება.
ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში 7 ივლისს გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა.
1959 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად. 1972-1985 წლებში იყო საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი, 1985-1990 წლებში - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო. თანამდებობიდან ის "ვარდების რევოლუციის" შედეგად გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები