საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე აღავლენს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.
დღესვე, ასევე კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები