,ჯოენის” კლინიკაში მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლჟჯავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ლეჟავას ბოლო პერიოდში გულის პრობლემები აწუხებდა.
ჯუმბერ ლეჟავა დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).
1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
ჯუმბერ ლეჟავა დაჯილოვებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის” სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან – „მსოფლიო სპორტსმენის” დიპლომი (1999).
მასალის გამოყენების პირობები