ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდება. ამ საქმეზე ბრალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა. მას ბრალად ტერორისტული აქტის მოწყობა და უფლებამოსილების გადამეტება ედება, რაც 15-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
რომან შამათავას გარდა, ამ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულიაც იყო ბრალდებული, რომელიც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლით პირობითი მსჯავრი დაედო.
საქალაქო სასამართლოში განაჩენი დღეს, 10:30 საათზე გამოცხადდება.
2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
მასალის გამოყენების პირობები