ებოლას ვირუსის ქვეყანაში მოხვედრის პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვრებზე ზომების გამკაცრების საჭიროება არ დგას და შესაბამისი კონტროლის გაძლიერებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მანამდე, სასიკვდილო ვირუსის გავრცელების გამო, საქართველოს ელჩმა ეთიოპიაში, ვახტანგ ჯაოშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. როგორც ჯაოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. განსაკუთრებით კი ის სამ ქვეყანაში, სიერა-ლეონეში, გვინეასა და ლიბერიაშია გავრცელებული.
მისი განცხადებით, ფატალური შედეგის რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. "სამწუხაროდ 90%-ში მკურნალობა არაეფექტურია. გამოცხადდა კარანტინის ზონები. ბევრმა ქვეყანამ უკვე დახურა სკოლები. სხვადასხვა ქვეყნებში ამოწმებენ დასავლეთ აფრიკიდან ჩასულ ბავშვებს. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ განსაკუთრებული საჭიროების არქონის შემთხვევაში არ ეწვიონ ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით სერა-ლეონეს, გვინეას და ლიბერიას", - განაცხადა ვახტანგ ჯაოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები