საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს მეორე მატჩს გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდი სტუმრად უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 20:00 საათზე დაიწყება.
ქართველი კალათბურთელები უკვე უნგრეთში იმყოფებიან. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ტრავმების გამო გუნდს გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და რიკი ჰიკმენი დააკლდებიან. გუნდთან ერთად არის ოთო ფხაკაძეც, რომელმაც ფეხის ტრავმა მოიშუშა. ხვალინდელ მატჩში ითამაშებს ვიქტორ სანიკიძეც, რომელსაც პირველი მატჩის შემდეგ წელის ტკივილი აწუხებდა.
საქართველო და უნგრეთი პირველი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ E ჯგუფში თითო-თითო გამარჯვებით ლიდერობენ. საქართველომ პირველ ტურში შინ ჩეხეთს 73:62 სძლია, ხოლო უნგრეთმა სტუმრად პორტუგალია 58:38 დაამარცხა.
უნგრეთის შემდეგ, კოკოშკოვის გუნდი 17 აგვისტოს, პორტუგალიაში მასპინძელ გუნდს დაუპირისპირდება.
მასალის გამოყენების პირობები