22 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო. 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმა მან პირადად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბასთან შეათანხმა, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა. საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული პირველი მსხვერპლი სწორედ ამ საგუშაგოზე მომხდარ შეტაკებას უკავშირდება.
14 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზეთის ხალხს სამამულო ომის დაწყება აუწყა და ადგილობრივ შენაერთებსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ჩართულ საზოგადოებას თავ-თავიანთი პოზიციების დაკავებისკენ, ხოლო ოფიციალურ თბილისს სახელმწიფო საბჭოს ჯარების აფხაზეთიდან გაყვანისკენ მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული შენაერთები ქალაქებში არ უნდა შესულიყვნენ, ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ თენგიზ კიტოვანის შენაერთები აფხაზეთის დედაქალაქში ტანკებითა და მძიმე ტექნიკით შევიდნენ. ქალაქში შესვლისთანავე დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლა ქალაქ სოხუმის ტურბაზის რაიონსა და იმავე რაიონთან ახლოს მდებარე წითელი ხიდთან გაიმართა. სოხუმის ძირითად ნაწილში დარჩენილმა აფხაზურმა სეპარატისტულმა ხელისუფლება წინააღმდეგობა სამი დღე გასწია და 17 აგვისტოს სოხუმი ორგანიზებულად დატოვა და ქალაქ გუდაუთაში გადაბარგდა.
მასალის გამოყენების პირობები