გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თეიმურაზ მურღულიას თქმით, ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
მისი თქმით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ასევე დაადგინა ნადირობის დღიური ლიმიტები.
"სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში, ასევე მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობა იკრძალება. ნადირობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები