საზოგადოება
ლევან იზორია არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გაგრძელდება "სპეციალური საპოლიციო კონტროლი"
შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ე.წ. რეიდების შედეგები ძალიან კარგია და საზოგადოება პოზიტიურად და დადებითად აღიქვამს. ამის შესახებ ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიციელები სპეციალურ საპოლიციო კონტროლს მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ. "ეს არ არის რეიდები, როგორც საბჭოთა რეალობისთვის იყო ცნობილი, არ არის 20 წლის განმავლობაში ძველ პოლიციის შესახებ კანონში ჩარჩენილი რეგულაცია. ეს არის სრულიად ახალი, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამ რეგულაციის შემოღების დროს ხანგრძლივი დებატები გვქონდა პარლამენტში, რათა მომხდარიყო ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა. ეს ღონისძიება ემსახურება პრევენციულ ღონისძიებებს მიმართულს მოქალაქეთა დაცვის მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა. პოლიციელები ამ ღონისძიებას მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ", - განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც სტატისტიკური მონაცემები დაჯამების შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი. რაც შეეხება, იმას იყვნენ თუ არა შესაბამისად მომზადებული პოლიციელები, იზორია აცხადებს, რომ მინისტრის ბრძანებით სპეციალური საპოლიციო კონტროლის კანონიერი განხორციელების კონტროლი დავალებული აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
"ყველა ფაქტი შესწავლილი იქნება, რომელიც სამართალდარღვევას ავლენს. როგორც კი ახალი კანონი მივიღეთ, რამდენიმე თვე გაგრძელდა პრაქტიკული შესწავლა კანონის, რომ პოლიციელებს მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. მათ დიდი ხანია რაც ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ერთია, რომ პოლიციელმა იცის რა ფარგლებში მოქმედებს, მეორეა, მოქალაქემაც იცოდეს რა ფარგლებში აქვს პოლიციელს მოქმედების საფუძველი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს აქვს პრეტენზია, არ იცის, რომ პოლიციელს ამ კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული დათვალიერების და შემოწმების უფლება აქვს. ჩხრეკის უფლება კი აქვს მაშინ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი წარმოიშობა. დარწმუნებული ვარ, ხშირ შემთხვევაში მოქალაქემ არ იცის პოლიციელის კანონიერი უფლების შესახებ და სასურველია გაეცნოს", - განაცხადა იზორიამ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები