საზოგადოება
ბაჩო ახალაია - ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე არანორმალური ზეწოლის ტალღა წამოვა
ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გამიქრა, - ამის შესახებ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ბაჩო ახალაიამ განაცხადა. როგორც სასამართლო პროცესზე ახალაიამ განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე "არანორმალური ზეწოლის ტალღა წამოვა". ,,მინდა,ევროსაბჭოს რეზოლუციის გამო დიდი გულისტკივილი გამოვხატო. ეს არის დიდი უბედურება. საქართველოზე ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს არ მიუღიათ. ეს არის დიპლომატიურ, კულტურულ ენაზე ნათქვამი ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება და 1000- ჯერ ნაკლები ასახვა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ახალაიამ. მისი თქმით, ასეთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შევარდნაძის დროსაც კი არ მიუღია. ახალაიას თქმით, რეზოლუციაში მისი სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენებული, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, ევროსაბჭო ხელისუფლებას ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პირდაპირ მოუწოდებს. ,,მე სულ სხვა პრობლემას ვხედავ. ამ რეზოლუციის მიღებამდე და მიღების შემდეგ არაერთი მკვეთრი განცხადება გაკეთდა. ხელისუფლებას აქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ახალაია უნდა იჯდეს ციხეში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული პუნქტი, რომელიც აღკვეთის შეცვლას ეხება, მარტივად გადაწყვიტოს იმით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს. იქნება არანორმალური ზეწოლის ტალღა, რომელიც სასამართლოზე წამოვა. მე, თუ მოლოდინი მქონდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, ამ რეზოლუციის შემდეგ გამიქრა. ახლა ყველაფერი მოსამართლის გამბედაობაზეა დამოკიდებული და მე თქვენი გამბედაობის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - მიმართა ახალაიამ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს. დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულები ბაჩო ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი ესწრებიან. კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარდავა კი მიმალვაში იმყოფება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები