2013 წელს გამოსაშვები გამოცდების ფორმატზე სრული პასუხისმგებლობა სკოლებმა უნდა აიღონ. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ატესტატი.
"სკოლამ, პედაგოგმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს, თუ რა მოდელით ჩაატარებენ გამოცდებს, იქნება ეს წერითი, ზეპირი გამოცდა, გასაუბრება თუ ჩათვლა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, აბიტურიენტები უმაღლესში მოსახვედრად ე.წ. "8+1" მოდელით გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. და სამ სავალდებულო საგანთან ერთად ერთ არჩევით საგნასაც ჩააბარებენ.
მიმონოშვილმა საგამოცდო სისტემაში მიმდინარე სხვა ცვლილებებზც გაამხვილა ყურადღება კერძოდ, 2014 წლიდან მე-11 კლასელები გამოცდებს 4 საგანში - ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში ჩააბარებენ. ხოლო მე-12 კლასში მათ გამოცდების ჩაბარება კიდევ 4 საგანში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში მოუწევთ. მიმინოშვილის განმარტებით, უმაღლესში მოსახვედრად აბიტურიენტს სავალდებულო საგნების, მათ შორის ქართულისა და უცხო ენის ჩაბარება მაინც მოუწევს, რადგან გამოსაშვები გამოცდების სტანდარტი მინიმალურია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, წელს, მე-11 კლასელები გამოცდებს არ ჩააბარებენ, თუმცა 2013 წლის შემოდგომაზე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 4 საგანში გამოცდა წინასწარ ჩააბარონ და ცუდი შედეგის შემთხვევაში, გაზაფხულზე ხელახლა გადააბარონ.
"არსებული სასწავლო გეგმით, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სწავლება მე-11 კლასში სრულდება, ამიტომ, ლოგიკურია, რომ მოსწავლემ გამოცდა ჩააბაროს, მაშინ, როცა ამ საგნის სწავლას ასრულებს. წელს მე-11 კლასელები გამოცდებს არ ჩააბარებენ, თუმცა მათ შეეძლებათ შემოდგომაზე 4 საგანი ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია ჩააბარონ და საქმე გაიიოლონ", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები