29 ნოემბრიდან სოციალურად დაუცველ მოსახლოებასთან დაკავშირებით სამთავრობო პროგრამა ამოქმედება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ ანკეტირების მიხედვით რეგისტრაცია 1040-მდე ოჯახმა გაიარა და რეგისტრაცია გრძელდება.
"პროექტის ამოცანა სოციალურად დაუცველების მუდმივი საცხოვრებელი ბინით კი არა, ქირით უზრუნველყოფა იყო. 29 ნოემბრიდან, როცა თანხის გადარიცხვები დაიწყება, გამოჩნდება, რამდენი ადამიანი თანხმდება ამ შემოთავაზებაზე", - განაცხადა სერგეენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირები სამინისტროში უნდა მივდნენ და მზა განცხადებაზე ხელი მოაწერონ. სამინისტრო თითოეულ სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინის ქირისთვის მინიმუმ 200 ლარს გადაურიცხავს, სანამ სოციალური დახმარება არ გაიზრდება და თავად არ შეძლებენ ბინის ქირის გადახდას.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, სოციალურმა აგენტებმა სოციალურად დაუცველი ოჯახების ანკეტირება სპეციალური კითხვარის შევსების საფუძველზე მოახდინეს.
"შევსებული ანკეტების საშუალებით დიფერენცირება მოხდება, თუ რამდენია ღარიბი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და რამდენი ხელოვნურად მიკედლებული. მათი რაოდენობა არცთუ ისე მცირეა. მეორე ამოცანა არის ის, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, კიდევ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს - იქნება ეს ჯანმრთელობისა თუ ინვალიდობის საკითხი. დამატებითი ინფორმაცია, რასაც ანკეტის საშუალებით მივიღებთ, იქნება ის, რომ თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებში შრომისუნარიანი ადამიანია, მას დასაქმებას შევთავაზებთ", - განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები