ყველა ამერიკელი შეძრული და შოკირებულია იმ ტრაგედიით, რომელიც კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-თაუნში მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებენ.
"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გამოხატეს მწუხარება. ასევე, ვიღებთ სატელეფონო ზარებს ჩვენი მეგობრებისგან, რომლებიც თანაგრძნობას გვიცხადებენ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
როგორც ცნობილია კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-თაუნის "სენდი ჰუკის" სკოლაში 20 წლის ადამ ლანცმა 27 ადამიანი მოკლა.
კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-თაუნში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პატრიარქი გამოეხმაურა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები