საზოგადოება
საქართველოს უმეტეს რაიონებში ყინვებია მოსალოდნელი
8-10 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით ყინვებია მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განაცხადა, რომ 7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შესაბამისად, 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. ითოვებს თბილისშიც.
ამასთან, 7-8 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი იქროლებს. კერძოდ, 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით კი - 20-25 მეტრი წამში; მაღალ მთაში იქნება ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე - ზვავსაშიშროება.
8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოთოვს, მათ შორის - თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება.
9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თოვა შეწყდება.
9-10 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში -20;-15 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით - 15;-10; მაღალმთაში ღამით -23; -18 გრადუსი. თბილისში, 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება, 10 იანვარს კი ღამით -6 გრადუსი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები