2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წინადადებით მიმართა.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით,” 2012 წლის 19 დეკემბერს ქუთაისში, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობდა. პარალელურად, შენობასთან მოქალაქეთა აქცია გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდნენ.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს და საქართველოს პრეზიდენტს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დეპუტატების ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს.
ამავე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა). “
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ფაქტს და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გატარდება სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები