4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.
1952 წელს, ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით, თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მე-2-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორე სოხუმში ეპარქიის წინამძღოლად 11 წელი დაყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მე-5 გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა, შეიქმნა რამდენიმე ათეული მონასტერი. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
მასალის გამოყენების პირობები