საზოგადოება
სოფელ ხაიშში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლას 25 კომპიუტერი გადასცა.
მათივე ინფორმაციით, სოფელ ხაიშში გასული საუკუნის 90-იან წლებში სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული 120 ეკომიგრანტი ოჯახი დასახლდა. სკოლაც მაშინ აშენდა. აქამდე ხაიშის საჯარო სკოლა არასდროს გარემონტებულა, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია, შენობაში წვიმდა. სკოლის გამო სოფელს მოსახლეობაც ტოვებდა.ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულიად განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა, მოხდა სასწავლო კორპუსების გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გარემონტდა საკლასო ოთახები, გაკეთდა საკონფერენციო დარბაზი, გამოიცვალა იატაკები, კიბეები, გაკეთდა ახალი მოაჯირები, შეიღება კედლები, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა გარე სპორტული მოედანი. არდადეგების პერიოდში მოეწყობა შიდა სპორტული დარბაზიც. სკოლა აღიჭურვა სასწავლო და საოფისე ინვენტარით.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ხაიშის სკოლა ასევე ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყო პანდუსი, შესაბამისი სველი წერტილები, რამდენიმე დღეში კი, სკოლაში ამოქმედდება ინტეგრირებული კლასი, სადაც 10 შშმ მოსწავლე ისწავლის. სკოლას ამ მიზნით სამინისტრომ ორი სპეცმასწავლებელი დაუნიშნა.
მათივე ინფორმაციით, ხაიშის სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, გასულ წელს სკოლას 7 ოქროსმედალოსანი ჰყავდა. სკოლა ჩართულია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში.თეთრიწყაროს რაიონში რამდენიმე სკოლა გარემონტდა და სოფელ სამღერეთში უკვე დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის აღჭურვის პროცესი. რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელსაც განხორციელდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები