სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრა 15:00 საათზე კრემლშია დაგეგმილი.
როგორც უწმინდესმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. განაცხადა, ის ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.
"ჩვენ შევეხებით იმ საკითხებს, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს. ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არ არის ბუნებრივი და ნორმალური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩიხიდან გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობა და მინდა ვთქვა, რომ ასეთივე სურვილი აქვს რუსეთს", - ბრძანა უწმინდესმა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში ვიზიტის წინ მრველს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
პატრიარქი მოსკოვში 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტი საქართველოს პატრიარქისთვის ჯილდოს გადაცემას უკავშირდება. ილია მეორე მოსკოვში მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს პატრიარქს, კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, გადაეცა პრემია, სახელწოდებით – "გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისათვის ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში".
კათოლიკოს-პატრიარქი სამშობლოში 26 იანვარს დაბრუნდება.
დღეს, 23 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთში ვიზტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები